English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ ქეთევან ქველაძე ნუნუ ქისტაური მედეა მელაშვილი
ენოტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში

რეზიუმე

10.36172/EKONOMISTI.2023.XIX.03.Ketevan.Kveladze/Nunu.Kistauri/Medea.Melashvili

ნაშრომი ეძღვნება ეკონომიკის ისეთ აქტუალურ პრობლემას, როგორიცაა ტურიზმში  პანდემიით გამოწვეული პრობლემების დაძლევა. ყველაზე სწორ გზად მიიჩნევა შიდა ტურიზმის გაძლიერება და უსაფრთხო ტურისტული ზონების შექმნა. პანდემიისა და პოსტპანდემიური პერიოდის შემდეგაც ტურიზმის მამოძრავებელ ძალად შიდა ტურიზმის განვითარებისათვის თემატურ ტურიზმს მოიაზრებენ. ამ მიმართულებით ღვინის ტურიზმი (ენოტურიზმის) არის  განვითარების ერთ-ერთი პერსპექტიული გზა, და იგი მზარდ სეგმენტად განიხილება.მისი განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობა იქნება ენოტურისტული რეგიონების აქტიური კვლევა. ნაშრომში შესწავლილია ქვეყანაში ღვინის ტურიზმის განვითარების ზოგადი თეორიული ასპექტები და პერსპექტივები  უცხოური ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით.

საკვანძო სიტყვები: შიდა ტურიზმი, პანდემია, ენოტურიზმი, ბრენდი, მოდელი, სტანდარტი.

შესავალი

მსოფლიოში ღვინის ტურიზმი სულ უფრო პოპულარული ხდება, ხოლო საქართველო, მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიული წარსულითა და განსაკუთრებული ლანდშაფტით, ამ სფეროში დამსახურებულად იმკვიდრებს ადგილს. მიუხედავად მევენახეობა-მეღვინეობის დარგში არსებული საუკუნოვანი გამოცდილებისა ჩვენი ქვეყანა ღვინის ტურიზმის სფეროში განვითარების საწყის ეტაპზეა. 

ღვინის ტურიზმი  (თანამედროვე ლიტერატურაში მოიხსენიება როგორც ენოტურიზმი) მოიცავს ისეთ აქტივობებს, როგორიცაა ვენახის ტურები, ღვინის დეგუსტაცია, ყურძნის დაკრეფა, ღვინის ფესტივალებზე დასწრება და სხვა. ბოლოდროინდელი სტატისტიკური მონაცემებით მსოფლიოს მოწინავე ენოტურისტული ქვეყნების სტატისტიკით მაგ., იტალიაში ღვინის ტურიზმი წელიწადში 2,5 მილიარდ ევროს გამოიმუშავებს. გერმანიაში ამ ტიპის დასვენებით ყოველწლიურად ინტერესდება დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი, რომლებიც მოგზაურობაში 5,5 მილიარდ ევროს ხარჯავენ. აშშ-ში 27 მილიონი ტურისტი სწორედ ენოტურიზმს ირჩევს გართობისა და დასვენების საუკეთესო საშუალებად [9]. ეს ინტერესი წლიდან წლამდე უფრო და უფრო იზრდება და ამ ქვეყნებში ათასობით ახალ სამუშაო  ადგილს ქმნის, რაც თავისთავად აუმჯობესებს ეკონომიკიურ მაჩვენებლებს.

ჩვენს ქვეყანას ღვინის ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, რითაც შეუძლია გადაჭრას მნიშვნელოვანი პრობლემები: დარგის განვითარების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის, მცირე და საშუალო ბიზნესის შექმნისა და ჩამოყალიბების, ინფრასტრუქტურის განვითარების, ბუნების დაცვის, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნების კუთხით.

*********

საქართველოში 2020 წლის 5 მაისს, კორონავირუსის კრიზისულ და პოსტკრიზისულ პერიოდში ტურიზმის სექტორში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირების მიზნით, ტურიზმის სექტორში მომუშავე ასოციაციების გაერთიანებით დაფუძნდა ტურიზმის ეროვნული ორგანიზაცია „საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი“ (GTIA). ალიანსის პრიორიტეტული მიმართულებები ეხმიანება ღვინის, სოფლის, აგრო- და ეკოტურიზმის ახალ ტენდენციებს, სადაც მთავარი აქცენტი გაკეთებულია ადგილობრივ პროდუქტზე და მის უსაფრთხო წარმოება-მიწოდებაზე.

პარადოქსულია, რომ აგროტურიზმის ერთ-ერთ ახალ სახეობად საქართველოსათვის უნდა განვიხილოთ ღვინის ტურიზმი. დღეს უკვე ცნობილია, რომ ქართული ღვინო ისტორიით ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. მევენახეობა და მეღვინეობა აქ ძვ. წ. VII-VI ათასწლეულიდან იღებს დასაბამს. დღეისთვის მსოფლიოში მევენახეობისა და ღვინის წარმოების ნაპოვნი ყველაზე ადრეული ნიშნები  მიუთითებს საქართველოში ღვინის კულტურის არსებობაზე ჯერ კიდევ 8000 წლის წინ, რაც საქართველოს ღვინის სამშობლოს სტატუსს ანიჭებს.

ატლასის, "მეღვინის ხელოვნება" (ნიუ-იორკი, 1992), ავტორები ჰიუ ჯონსონი და ჯეიმს ჰოლიდეი, ასევე ღვინის ექსპერტი და მსოფლიოში საუკეთესო ღვინის გზამკვლევისა ავტორი ოზ კლარკი თანხმდებიან, რომ კაცობრიობა ჯერ კიდევ ქვის ხანაში იმყოფებოდა, როდესაც საქართველოში პირველად გააშენეს ვაზი და მიიღეს ღვინო. უძველესი რუკის მიხედვით, საქართველოდან ღვინო პირველად შევიდა სირიაში, შემდეგ ეგვიპტესა და იტალიაში, ხოლო შემდგომ დასავლეთ ევროპაში.

მსოფლიოში ცნობილი 2000 ყურძნის ჯიშიდან 500 ქართულია.

საქართველოს ტერიტორიაზე ვაზის ველური ჯიშები დღესაცაა გავრცელებული. გასული საუკუნის 80-იან წლებში ქართული ტყის ვაზი წითელ წიგნში შეიტანეს და მას სახელმწიფო იცავს. საქართველოში აღნუსხულია 500-მდე სახეობის ვაზი, რომელთაგან 430 სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო საკოლექციო ვენახებშია დაცული. ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია. ეს აღიარება მნიშვნელოვანია ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლებისთვის და ხელს შეუწყობს ქართული ღვინის მსოფლიო პოპულარიზაციას.

ყოველივე ზემოთ აღნიშნული ანიჭებს საქართველოს უნიკალურობას. იგი მსოფლიომ უნდა გაიცნოს როგორც ღვინის სამშობლო და ამით შეიცვალოს ის მდგომარეობა, რაც დღესაა დამკვიდრებული. საერთაშორისო გამოცდილებას რომ გადავხედოთ, თითქმის ყველა პოტენციურ ენოტურისტს თავდაპირველად მაინც საფრანგეთსა და იტალიაში მიუწევს გული, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ორი ქვეყანა ცნობილია თავისი მრავალწლიანი ღვინის ისტორიით. ამ მიმართულების გასავითარებლად საჭიროა, გავიზიაროთ იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებიც დიდი ხანია ჩართულნი არიან ამ სფეროში. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, გერმანია, პორტუგალია, კვიპროსი, საბერძნეთი და ავსტრია.

ზოგადად ღვინის ტურიზმი  როგორც აგროტურიზმის სახეობა, რომელიც აერთიანებს სოფლის განვითარების ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ასპექტებს, მოიცავს ბევრ თანაკვეთას აგროსექტორსა და ტურიზმს შორის, არის ეკონომიკის ამ ორი სექტორის დამაკავშირებელი რგოლი.

ღვინის ტურიზმის შემადგენელი ნაწილებია: ღვინის ქარხნების მონახულება, ღვინის დეგუსტაცია, ღვინის გზის აღმოჩენა-გაკვლევა, ღვინის ტურები და სხვ. ამასთან, ღვინის ტურიზმი განიხილება, როგორც მეღვინეობის ინდუსტრიის განვითარების შესაძლებლობა. ამ სფეროს შემდგომი განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ამჟამინდელი და პოტენციური ღვინის ტურისტების საჭიროებების გამოვლენა: ტურისტების მოტივაცია მოგზაურობისათვის, ახალი გამოცდილების შეძენა, ღვინოსთან დაკავშირებული საინტერესო საკითხების შესწავლა და სხვ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტურისტებს იზიდავს არა მარტო ისტორიული ძეგლები, არამედ ღვინის დეგუსტაციის დღესასწაულები, მოსავლის აღებასა და ღვინის დაწურვაში მონაწილეობა. დღეს ღვინის რეგიონებში ტურისტებისთვის, გარდა ტრადიციული ღვინის მარშრუტებისა და სპეციალური ღონისძიებებისა, თითქმის ყველაფერია შესაძლებელი – ვენახში ქორწილის გადახდა,  ვენახების თავზე საჰაერო ბურთით ფრენა, გლეხებთან ერთად ყურძნის კრეფა, ცხენებით ჯირითი და სხვ.

საქართველოს ღვინის ტურიზმის განვითარებას დიდი პოტენციალი აქვს,  რასაც შეუძლია გადაჭრას მნიშვნელოვანი პრობლემები: დარგის განვითარების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის, მცირე და საშუალო ბიზნესის შექმნისა და ჩამოყალიბების, ინფრასტრუქტურის განვითარების, ბუნების დაცვის, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნეაბის კუთხით. ქართული ღვინის ბრენდის ცნობადობა და მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ისტორიულ-ეკონომიკური საფუძვლები იძლევა ღვინის ტურიზმის განვითარების კარგ შესაძლებლობებს. ჩვენთან ყველაზე განვითარებულია შემდეგი ღვინის ტურისტული პროდუქტები და მომსახურებები: საოჯახო სასტუმროები, ადგილობრივი სამზარეულოს გაცნობა-დაგემოვნება, ღვინის დეგუსტაცია, ყურძნის კრეფისა და ღვინის დაწურვის შესაძლებლობა; ნაკლებად განვითარებულია: ღვინის სახლ-მუზეუმების დათვალიერება, ადგილობრივი ფოლკლორისა და ტურისტული მარშრუტების გაცნობა.

პანდემიის მიუხედავად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ტურისტული პროდუქტების განვითარების მიზნით მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებს განაგრძობს. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა „ღვინის გზის” პროექტს, რომელშიც 2021 წელს 48 ახალი ღვინის მასპინძელი ობიექტი ჩაერთო კახეთიდან, მცხეთა-მთიანეთიდან, იმერეთიდან, სამეგრელოდან, ქვემო ქართლიდან, შიდა ქართლიდან, გურიიდან და რაჭა-ლეჩხუმიდან. პროექტი ითვალისწინებდა საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციულ რეგიონებში ყველა იმ კომპანიის, მცირე საწარმოსი თუ ოჯახური მარნის აღნუსხვას, რომელიც მზადაა ტურისტების მისაღებად.

ღვინის კულტურის მქონე ყველა ქვეყანაში გზებზე ვხვდებით ნიშნულებს „ღვინის გზა“, რომლებსაც მარნისკენ მივყავართ. ბოლო წლებში ასეთი ტრაფარეტები ჩვენ გზებზეც გაჩნდა. ის სახელმწიფომ და საერთაშორისო ორგანიზაცია USAID-მა დაგეგმეს. ნიშნულზე ვაზისა და ყურძნის სიმბოლიკა ქართულია, ფერი კი – საფერავის.

2021 წელს ტურიზმის ადმინისტრაციამ ქვეყნის მასშტაბით ღვინის ტურიზმის 28 ახალი მასპინძელი ობიექტისთვის საგზაო მანიშნებლები დაამონტაჟა. 20 ახალი ობიექტისათვის მიმდინარეობს საგზაო მანიშნებლების მონტაჟი.

„ღვინის გზის“ ინფრასტრუქტურული პროექტის გარდა ადმინისტრაციამ წელს სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში ექვსი სალაშქრო ბილიკი მონიშნა, ბილიკების ჯამური სიგრძე 105 კმ-ს შეადგენს. ადმინისტრაციის ორგანიზებით მიმდინარეობს სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და გურიის რეგიონების სამთო–საფეხმავლო ბილიკების მონიშვნის სამუშაოები, გორის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე სოციალურ ქსელებში ქალაქისა და ადგილის პოპულარიზაციის მიზნით სასურსათე ჩარჩო დამონტაჟდა. ატენის ხეობაში კი მდინარე ტანას სანაპიროზე მოეწყო საპიკნიკე ინფრასტრუქტურა, რომელიც ხეობის სტუმრებს კეთილმოწყობილ სივრცეს სთავაზობს, USAID-ს პროექტის ფარგლებში მიზნობრივ რეგიონებში დამონტაჟდა ტურისტული საინფორმაციო ცენტრების ახალი აბრები.

ღვინის სამშობლოში „ღვინის გზა“ ჯერჯერობით ერთადერთი მასშტაბური ენოტურისტული პროექტია, რომელსაც სახელმწიფო უძღვება. პროექტი პირველად 2012 წელს განხორციელდა. შემდგომში არაერთმა დიდმა მეღვინეობამ განავითარა ახალი ტურისტული სერვისები. შეიქმნა ტურისტული კლუბები. მაგ. ღვინის კლუბმა „USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ („The USAID Economic Security Program“) ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო ახალი საგანმანათლებლო პროექტი, მცირე მარნებისა და რეგიონული ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის. პროექტს სახელად „ღვინის სოფელი“ ჰქვია. საყურადღებო და უდავოდ დასაფასებელია ის გარემოება, რომ ახალი პროექტის ერთ-ერთი მიზანია ძველი „ღვინის გზის“ ხარვეზების აღმოფხვრა. პროექტების —  „ღვინის ტურიზმი გზა“ და „ღვინის სოფლები“ — მოდელი ეფუძნება ადგილობრივ უნიკალურ ადგილწარმოშობის ღვინოებს. პირველი ეტაპისათვის  იგი  მცირე საჯახო სასტუმროსა და პირად დამხმარე მეურნეობებს, პირად საკუთრებაში არსებულ მარნებსა და პირად საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთებიდან მიღებულ მოსავალს ეფუძნება, ხოლო მეორე ეტაპისთვის კი  ადგილობრივი კოოპერაციული ურთიერთობების საფუძველზე ყალიბდება  ღვინის თემატური სოფლები, რომელიც ქმნის „ადგილობრივი თემის“ კოლექტიურ პროდუქტს.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია  ღვინის კომპანია „შუმის“ წარმატება, რომელმაც 2021 წლის 23 ოქტომბერს, იტალიაში, ევროპის საბჭოს ეგიდით გამართულ კულტურული მარშრუტების კონკურსზე, საქართველოს სახელით ისტორიაში პირველად, საერთაშორისო უმაღლესი ტიტული — „საუკეთესო არქეობოტანიკური პრაქტიკა ღვინის ტურიზმში“  — მოიპოვა. აღნიშნული ტიტული საქართველოსთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საერთაშორისო ასპარეზზე, რაც ხელს უწყობს ქვეყნის კულტურული და ენოლოგიური მემკვიდრეობის გაძლიერებას, გამოცდილების შეძენას, შემეცნებითი და მდგრადი ტურიზმის განვითარებასა და მის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზარზე.

როდესაც ღვინის ტურიზმზე ვლაპარაკობთ, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ღვინის მუზეუმზე, რომელიც თბილისში ღვინის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიაზე მდებარეობს.  ვაზისა და ღვინის მუზეუმში  წარმოდგენილია უძველესი ქართული ღვინის ჭურჭლები  (ქვევრები), ასევე უძველესი ენოთეკა (საცავი), სადაც 25000-მდე ბოთლში სხვადასხვა პერიოდის ღვინოა დაცული.

აუცილებელია ქვეყანამ ყურადღება მიიქციოს მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებით. ამით შეძლებს საერთაშორისო ბაზარზე დაიმკვიდროს ადგილი და თავისი ღვინო ბრენდად აქციოს. ბოლო წლების დინამიკამ გვიჩვენა, რომ ქართული ღვინო მსოფლიო ბაზარზე ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენებზე მასშტაბურად იღებს მონაწილეობას ერთიანი ბრენდირებული სახით. ახალი ბაზრებისა და გაყიდვების არხების ძიებით იზრდება ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობებიც. ამ სფეროს დივერსიფიკაციას ხელს უწყობს ქართული ღვინის ბრენდების მიერ მოპოვებული ჯილდოები (ოქროსა და ვერცხლის მედლები): ორმაგი ოქრო — ,,საფერავი. რეზერვი 2005", კომპანია ,,კახური"; ოქრო — ,,საფერავი. 2008", კომპანია ,,კახური"; ოქრო — ,,საფერავი. საოჯახო რეზერვი. 2013", კომპანია ,,ლუკასი"; ოქრო — ,,მარანი. კონდოლის ვენახები. 2013", კომპანია ,,თელავის ღვინის მარანი"; ოქრო — ,,მარანი. რეზერვი. 2007", კომპანია ,,თელავის ღვინის მარანი"; ვერცხლი — ,,მუკუზანი იბერიული. 2013", კომპანია ,,შუმი"; ვერცხლი — ,,ნაფარეული. 2013". კომპანია ,,შუმი"; ვერცხლი — ,,სატრაპეზო საფერავი. 2012", კომპანია ,,თელავის ღვინის მარანი"; ვერცხლი — ,,საფერავი ქვევრის. 2011", კორპორაცია ,,ქინძმარაული". ქართული ქვევრის ღვინოები დღეს უკვე მოიაზრება მსოფლიოს ისეთი მეღვინეობის ქვეყნების გვერდით, როგორებიცაა საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი. დეგუსტაცია იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, იგი ასევე, მიეწოდება სპეციალიზებულ ღვინის მაღაზიებსა და ბარებს. უდიდესი მნიშვნელობა აქვს გამოფენებსა და დეგუსტაციებში მონაწილეობას, რაც ზრდის ქართული ღვინის ცნობადობასა და პოპულარიზაციას, და, შესაბამისად, იწვევს ექსპორტის მოცულობის ზრდას და საექსპორტო ბაზრებზე ცნობადობის ამაღლებას, ხელს უწყობს ტურისტების მოზიდვას. მსოფლიოში ცნობილი მუდმივმოქმედი გამოფენა ლონდონში „ვინოპოლისი“ იწყებოდა საქართველოს პავილიონით, რომელსაც ერქვა „საქართველო - ღვინის აკვანი“ (დღეს პანდემიის გამო იგი დროებით დახურულია).

2016 წლის 7-9 სექტემბერს გაერთიანებული ერების ტურიზმის ორგანიზაციის, UNWTO-ს ინიციატივით, ღვინის ტურიზმის შესახებ პირველი გლობალური კონფერენცია  გაიმართა საქართველოში, კახეთში  (რადგან საქართველოში ვენახების 65 პროცენტი სწორედ კახეთშია გაშენებული). ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს როგორც ღვინის სამშობლოს იმიჯის დამკვიდრების კუთხით. კონფერენციას 42 ქვეყნის 250 დელეგატი და 150 ორგანიზაცია დაესწრო. კონფერენციაზე მოხსენება გააკეთა გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის მაშინდელმა გენერალურმა მდივანმა ტალებ რიფაიმ. მან საქართველოსა და ქართველებს ჩემპიონები და მოწინავეები უწოდა ღვინის ტურიზმის დარგში.

2020 წლის 9 მაისს საქართველოში წლის უმთავრესი ღვინის დღესასწაული – „ახალი ღვინის ფესტივალი 2020“ უნდა გამართულიყო, რომელიც პანდემიის გამო გადაიდო.

დასკვნა

დასასრულს გვინდა ავღნიშნოთ, რომ შიდა ტურიზმის განვითარება ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე აქამდე (COVID 19-მა ყველაფერი კიდევ უფრო ნათელი გახადა), რაც უთუო შეღავათს მოუტანს სექტორს, ოღონდ ამას პროდუქტის შემთავაზებლების მხრიდან შიდა ბაზარზე გადაწყობა სჭირდება (მეორე საკითხია როგორ მოახერხებენ ტურისტული ობიექტები გადაწყობას ადგილობრივ მომხმარებელზე, რამდენად აქვთ ამის უნარ-ჩვევები) — იგულისხმება რეკლამა, ფასები და სხვა. ტურიზმის თეორეტიკოსები ტურიზმის მამოძრავებელ ძალად თემატურ ტურიზმს მოიაზრებენ, სადაც  ღვინის ტურიზმს  განსაკუთრებული როლი ენიჭება და იგი მზარდ სეგმენტად განიხილება. საქართველო ის შემთხვევაა, როდესაც დარგის განვითარების პოტენციალი კარგადაა ცნობილი, თუმცა პანდემიამ ღვინის ტურიზმი, ისე როგორც მთლიანად ტურიზმის სექტორი, მნიშვნელოვნად დააზარალა. საყურადღებოა, რომ იგი ქვეყნის შიდა მოხმარების შემცირებაზე მეტად, კოვიდის პანდემიის ზოგადმა საერთაშორისო ზემოქმედებამ დააზარალა, ვინაიდან ღვინოზე და, კერძოდ, ქართულ ღვინოზე  მოთხოვნა უცხოეთშიც შემცირდა. მიგვაჩნია, რომ ენოტურიზმის შემდგომი განვითარებისათვის აუცილებელია:

- საქართველომ გაიზიაროს იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებიც დიდი ხანია ჩართული არიან ამ სფეროში: საფრანგეთი, იტალია ესპანეთი, პორტუგალია, კვიპროსი, საბერძნეთი და სხვ.;

- დაიხვეწოს კანონმდებლობა ენოტურიზმის მიმართულებით. საქართველოში ქვეყნის ხელისუფლება მხარს უჭერს, მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებას, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ღვინის ტურიზმის ასპექტში, რაც ჩანს რედაქტირებულ კანონში „ღვინისა და ვაზის შესახებ“ და ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულ პროექტში „საქართველოს ტურიზმის სტრატეგია 2025“, რომელიც ქვეყნაში ტურისტულ სფეროს განვითარებასთან ერთად  ხელს შეუწყობს ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის — მეღვინეობის და საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, პროპაგანდასა და პოპულარიზაციას;

- ბრენდის შექმნა, რაც განსაზღვრავს სამომავლო წარმატებას, განაპირობებს მეტი ტურისტისა და ინვესტიციების მოზიდვას, დადებითი იმიჯისა და რეპუტაციის შექმნას, ცნობადობის ამაღლებას მსოფლიო მასშტაბით (საქართველოში ამ კუთხით ჯერ კიდევ ბევრი რამ არის მოსაწესრიგებელი);

- ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. საქართველოს მთავრობის მხრიდან მნიშვნელოვანი ხელშეწყობა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დასახული პროექტების განხორციელებაში;

- სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერა გამოცდილი და კვალიფიციური კადრების მომზადებისა და  გადამზადების, უცხო ენის ბარიერის მოხსნის, უხარისხო ღვინის წარმოების მკაცრი კონტროლის და სხვა მიზნით.

ღვინის ტურიზმის განვითარების ნებისმიერი ეტაპი საჭიროებს მთავრობისა და კერძო სექტორის  სხვადასხვა ხარისხით შეთანხმებულ მონაწილეობას ყველა დონეზე, რაც, საერთო ჯამში, ძლიერი სოფლისა და ძლიერი მეღვინეობის დარგის წინსვლის გარანტიაა. 

გამოყენებული ლიტერატურა

1. mastsavlebeli.ge › ... Oct 13, 2016 - საქართველოს „ღვინის გზის“ პროექტი, 2011, ... 2020 წლისთვის ტურიზმის მამოძრავებელ ... 

2. საქართველოს სოფლის ... - Enpard enpard.ge › uploads › 2015/05 › საქ...სოფლის მეურნეობაში ინოვაციები და ... ტექნოლოგიების დანერგვის მხარდაჭერას, სოფლის...1 http://ec.europa.eu/agriculture/rural-development-2014-2020/ index_en.htm ...   საწარმოები და ტურისტული, სამკურნალო და ... 

3. ღვინის ტურიზმი სქართველოში ...vinoge.com › qarTuli-Rvino › Rvinis... ღვინისტურიზმის სამი მხარე: გიდი. მარნის მეპატრონე. ვიზიტორი.

4. ღვინის ტურიზმი - ტურიზმის ...to.edu.ge› gvinis-turizmis-perspeqti... Tep 20, 2019 — საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარება აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. 

5.    გაეროს მსოფლიო ტურიზმის ... http://www.vinoge.com › patara-WiqebiT › gaeros-mso...   „ღვინის ტურიზმი მზარდ სეგმენტს ... UNWTO-ს ღვინის ტურიზმის პირველი კონფერენცია ამ ... 

6. პანდემია ქართული ღვინის ...http://vinoge.com› degustacia› pandemia-qarTuli-Rvi...  გამოსავალი ღვინის შიდა ტურიზმის ... განსაკუთრებული პრობლემების წინაშე ის ... 

7.  https://www.tsu.ge › disertaciebi4 › Ineza_Vatsadze სტრუქტურა რაჭაში 2017 წლის მდგომარეობით. 100 ... ამიტომაც ფორუმმა 2020 წელი გამოაცხადა სოფლის ... მართალია სოფლის ტურიზმისაქართველოში ... საწარმოებიდან ,,ღვინისგზის“ პროექტის ...

8.    https://openscience.ge › bitstream   კავკასიის საერთაშორისო ... 2.1 ქართული ღვინის ტურიზმი ქვეყნის ... 1 http://igstraveltogeorgia.asm.ge/index.php? ... ვინააშენა პირველად მარანი და რა გზა ... მაგრამ ყველა ის ნაბიჯი, რაც გაიარა, საფუძველი  გახდა დღევანდელობისა და..

9. Развитие винного туризма - Заметки энофила     https://tourist.wine › winearticles › winetourism-history 

10. 27.09.2021-ს, Sputnik საქართველო https://sputnik-georgia.com › ახალი ამბები 27 сент. 2021 г. — 22 სექტემბერი 2021, 13:37. წელს ადმინისტრაციამ ქვეყნის მასშტაბით ღვინისტურიზმის ...